Header

პეტერის პირველი საოცნებო ქვა

აღდგომის დღესასწაულზე საფრანგეთში სეზონის მესამე მონუმენტი გაიმართა.

 

შეჯიბრს დიდი ტრაგედია დაერთო, რბოლისას დაეცა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა ახალგაზრდა ბელგიელი ველომრბოლელი მიქაელ გულაერტსი. ჩვენ ვიზიარებთ ყველას მწუხარებას მიქაელის გარდაცვალების გამო.

 

ლეგენდარული პარიზი – რუბეს პირველი რბოლა 1896–ში შედგა, წელს მისი 116–ე ვერსია ვიხილეთ, რომლის დისტანციამ 257 კილომეტრი შეადგინა, მათ შორის 29 ქვაფენილიანი სექტორი 54,5 კილომეტრიანი საერთო სიგრძით.

წლევანდელი კლასიკების ფავორიტთა სია საკმაოდ შემოფარგლულია. პირველ რიგში მგლებს (კუიკ–სტეპი) მოიაზრებენ, თუმცა ასეთი მნიშვნელობის სტარტზე პელოტონში მსოფლიოს სამგზის ზედიზედ ჩემპიონის პიტერ საგანის და რბოლის შარშანდელი ტრიუმფატორის გრეგ ვან ავერმაეტის არსებობა მრავალფეროვანი ეპილოგის მოლოდინს ქმნის. ესენიც რომ არა ჯგუფში ყოველთვის მრავლად არიან სანუკვარი ქვის სახში წაღების მსურველები.

პარიზი – რუბეს გამარჯვებულს ხომ სამახსოვრო პრიზად ქვაფენილიდან ამოღებულ ქვას უძღვნიან!

 

8 April 2018
116th Paris – Roubaix
1st : SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
Photo : Yuzuru SUNADA

 

პარიზ – რუბეს ველოსამყაროში ჩრდილოეთის ჯოჯოხეთსაც უწოდებენ, ამინდიდან გამომდინარე რბოლის სცენარი სხვადასხვა გვარად ვითარდება ხოლმე. წელს ამ დღეს საფრანგეთის ჩრდილოეთში მზიანი ამინდი იდგა და რბოლამაც იმთავითვე სწრაფად აკრიბა სიჩქარე.

პირველ ორმოცდაათ კილომეტრიან მონაკვეთში ჩამოყალიბდა მასტაბილირებელი დაწინაურებულთა ჯგუფი და რბოლა ასე მიუახლოვდა ქვაფენილიან სექტორებს. შემდეგ კი დაიწყო ტრადიციული, ყველასათვის კარგად გამოცდილი სელექცია.

სხვადასხვა დროს შეუტიეს ფავორიტებმაც, ჯერ ფილჟილმა მოსინჯა ფეხი, შემდეგ გრეგიც გაიწია. გრეგის შეტევის დასკვნით ფაზაში, როცა მის გარშემო სერიოზული ჯგუფი შემოიკრიბა, მან ჟესტით მოუწოდა წამოწეულებს ინიციატივა თავის თავზე აეღოთ. ყველასათვის მოულოდნელად შარშანდელი ჩემპიონის მოწოდება პეტერ საგანმა აიტაცა, მან უბრალოდ ტემპს მოუმატა. რუბეს ველოდრომამდე ჯერ კიდევ 54 კილომეტზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი და მისმა შეტევამ მაინც და მაინც დიდი ყურადღება ვერ დაიმსახურა. რბოლის ლოგიკიდან გადამწყვეტი შეტევისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო, ესეც რომ არა პეტერის ფინიშამდე მიყვანა ვერაფერი სახარბიელო საქმეა, მცირე ჯგუფიდან სპრინტში უდავო ფავორიტია, აკი სულ ორი კვირით ადრე გამართულ გენტ–ვეველგემზე აჩვენა კიდეც საფინიშო ხაზთან ვინ ვინ არის.

 

8 April 2018
116th Paris – Roubaix
SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
DILLIER Silvan (SUI) ag2r – La Mondiale
Photo : Yuzuru SUNADA

 

ხოდა პეტერი მიუშვეს! ის ძალიან სწრაფად გადავიდა დაწინაურებულთა ჯგუფში, იქ გადასულმა ტემპს უმატა და საბოლოოდ ფინიშამდე 24 კილომეტრი იყო დარჩენილი როცა ადრე დაწინაურებულთაგან მასთან მხოლოდ ერთი, შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონი სილვიან დილიერი დარჩა აჟე2არ ლა მუნდიალიდან. სილვიანმა პეტერთან მუშაობა გადაწყვიტა, ჩვენი აზრით სწორადაც მოიქცა, ამით მას მოგების მინიმალური, მაგრამ მაინც შანსი ქონდა და ესეც რომ არა მონუმენტის პოდიუმი ხომ ხელში ეკავა, ეს კი ხელიდან გასაშვები საქმე ნამდვილად არ არის არავისათვის, მით უმეტეს ნაკლებად ტიტულოვანი მრბოლელისათვის. სილვიან დილიეს მიღწევებიდან მხოლოდ შარშანდელი ჯიროს მეექვსე ეტაპი და რუტა დე სუდის გენერალური კლასიფიკაცია შეიძლება დავასახელოთ და სულ ეს იქნება.

 

8 April 2018
116th Paris – Roubaix
SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
DILLIER Silvan (SUI) ag2r – La Mondiale
Photo : Yuzuru SUNADA

 

ინტერესთა თანხვედრამ შედეგი გამოიღო, მით უმეტეს, რომ გამოდევნებულებში ერთსულოვნებამ ვერ დაისადგურა და პეტერი და სილვიანი ერტი წუთით ადრე მივიდნენ რუბეს ველოდრომამდე, სადაც პიტერმა მოსალოდნელად მოიგო სპრინტი და კარიერაში პირველად დაეუფლა პარიზი – რუბეს გამარჯვებულის ქვას!

ეს მისი მხოლოდ მეორე კარიერული მონუმენტია, 2016 წლის ფლანდრიის ტურის შემდეგ. მსოფლიოს სამგზის, თან ზედიზედ აბსოლიტურ რეკორდსმენს მონუმენტებზე ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. თუმცა ეს მისი გამარჯვება სხვა მხრივაც გამოდგა ისტორიული, 1981 წელს ბერნარ ინოს ტრიუმფიდან, 37 წლის შემდეგ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელიანი მაისურით შემოსილმა ქვაფენილიანი ჯოჯოხეთური რბოლა.

პოდიუმზე კი მესამე საფეხური წლევანდელი რონდეს, წლის მეორე მონუმენტალური ფლანდრიის ტური, გამარჯვებულმა ჰოლანდიელმა ნიკი ტერპსტრამ დაისაკუთრა. ნიკიმ ველოდრომამდე არ მისულმა შეუტია გამოდევნებულ დიდ ფავორიტთა ჯგუფიდან, რომლებმაც პასუხის გაცემა ვერ მოახერხეს და მშვიდად გაატარეს კიდეც ველოდრომზე საფინიშო ხაზთან.

 

8 April 2018
116th Paris – Roubaix
1st : SAGAN Peter (SVK) Bora – Hansgrohe
2nd : DILLIER Silvan (SUI) ag2r – La Mondiale
3rd : TERPSTRA Niki (NED) Quickstep Floors
Photo : Yuzuru SUNADA

 

 

 

 

Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com

 

განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.

 

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer