111-ე კლასსიჩისსიმა შედგა
წლის პირველი მონუმენტი შედგა (la Classicissima di Primavera)! 21 მარტს დაგეგმილი მილანი სან რემო დღეს გაიმართა. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორგანიზატორებმა რბოლა მოსახლეობის თავშეყრის ადგილებს განარიდეს და შედეგად ისედაც წლის ყველაზე გრძელი რბოლა კიდე უფრო დაგრძელდა. 111-ე კლასსიჩისსიმამ 305 კილომეტრი შეადგინა თუმცა, რაც მთავარი იყო, ბოლო 30 კილომეტრი უცვლელი დარჩა. ორი კლასიკური აღმართი (ჩიპრესა, პოჯიო) და ფინიში სან რემოში ვია რომაზე!
იტალიაში პირველი აგვისტოდან უკვე მერამდენე რბოლა გაიმართა და უნდა ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები ყველგან მკაცრად არის დაცული. ამ ზომების დაცვა ყველა ველო მოყვარულისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, შესაბამისი წესების დაცვით ჩვენ ყველა ვუწყობთ ხელს ამ ურთულეს დროში ველოსპორტის გადარჩენას!
რბოლა მართლაც შედგა! დიდი მანძილით, მარშრუტის შეცვლის შედეგად ტრასის მესამე ასეულში გაჩენილი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმართით და სიცხით გათანგული პელოტონი მიუახლოვდა ლეგენდარულ ჩიპრესას. როგორც ამბობენ ამ აღმართზე რბოლას ვერ მოიგებ, მაგრამ ისე უნდა დაძლიო, რომ გადამწყვეტ პოჯიოზე შენი მაქსიმუმის გაკეთება შეგეძლოს.
პოჯიოზე აუცილებლად ვინმე მოსინჯავს და ეს ხშირად გადამწყვეტი შეტევა ხდება. წელსაც აქ შარშანდელმა ტრიუმფატორმა ჟულიან ალაფილიპმა ბელგიური დეკიონიგ კვიკ-სტეპიდან შეუტია, ჟულიანის შეტევა იმდენად მკვეთრი იყო, რომ აღმართზე ვერავინ დაიჭირა მისი ბორბალი. ვოუტ ვან არტმა მხოლოდ რეაგირება შეძლო, აღსანიშნავია, რომ ვოუტი ჩიპრესას დასაწყისში ლიდერთა ჯგუფის არიერგარდში იმყოფებოდა. პოჯიოს აღმართზე, ფრანგის შეტევისას, მისი ამოცანა მხოლოდ დანაკარგების მინიმალიზაციას შეადგენდა.
ასე დაიწყეს დაშვება ლეგენდარული პოჯიო დი სან რემოს დაღმართზე. ერთ ხანს შემტევს და კონტრ შემტევს ჯგუფიც საგრძნობლად მიუახლოვდა, თუმცა ორივემ, დიდი რისკის ფასად, უპირატესობა შეინარჩუნა. დაღმართის ბოლოსკენ ბელგიელი ფრანგს წამოეწია და ასე განაგრძეს სვლა ვია რომასკენ.
ფინიშთან ვოუტი უფრო ძლიერი იყო და ლეგენდარული კროს მენი (სამგზის მსოფლიო ჩემპიონი) გზატკეცილის ლეგენდებსაც შეუერთდა!
ბელგიელი ვოუტ ვან არტი ჰოლანდიურ ჯუმბო ვისმადან იტალიურ ბიანკიზე წლის პირველი მონუმენტის ტრიუმფატორი გახდა! წელს ეს ვოუტის მეორე დიდი გამარჯვებაა, წინა შაბათს ხომ სიენას პიაცა დელ კამპოზე აიჭრა ასევე პირველმა!
ხაზი მინდა გავუსვა ველო კროსის ფაქტორს – მსოფლიო პელოტონის თანავარსკვლავედის დიდი ნაწილი სწორედ ველო კროსშია ფეხადგმული. რა რა და ამის პირობების შექმნა მაინც შეიძლება ჩვენში…
Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.