კოლუმბიური გაზაფხული ძველ ევროპაში
რა არ მომხდარა ბებერ ველო კონტინენტზე, მაგრამ ასეთი არც მე მახსოვს და არც ის მგონია ვინმემ გაიხსენოს. ან როგორ უნდა გაიხსენო ის რაც არასდროს ყოფილა.
მოკლედ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! არც არაფერი… დადგა მორიგი 2017 წლის გაზაფხული. ნელ ნელა ზამთრის ძილიდან იწყო გამოღვიძება ველო სამყარომ. ჯერ მწვანე კონტინენტზე გაითბო ბებერი ძვლები, მერე ეს რა საკმარისიაო და არაბული სტუმართ მასპინძლობით ტკბობას მიეცა და ასე ზლაზვნა ზლაზვნით ჩამობარგდა ძველ ბებერ ევროპაში!
ეეჰ აქ ვინ დაგასვენებს ძმაო, აქ სხვა ველო განზომილებაა, სხვა ომია. რახანია უკვე საუკუნე დაახურდავა ამ ომებს შორის ურჩეულესებმა! დიახ, საუკუნე! ჰაერში მონუმენტებისა და კლასიკების სიომ მოუბერა, რა სიო რის სიო, გრიგალია! მოუბერა და გახურდა კიდეც ფიცხელი ომი!
წლის პირველ მონუმენტამდე (მილანი – სან რემო), აგერ უკვე 1933 წლიდან იმართება მზისაკენ გზად წოდებული პარიზი – ნიცა და 1966 წლიდან ორი ზღვის რბოლად წოდებული ტირენო – ადრიატიკო. ორივე ერთ კვირიანი დიდათ ფასობს ველო საზოგადოებაში. გენერალური კლასიფიკაციისათვის აქ რჩეულები ერკინებიან ხოლმე, მაგრამ პელოტონებში ყოველთვის არის მრბოლელთა სოლიდური ნაწილი ვისთვისაც მთავარი ამოცანა პრიმა ვერასთვის მზადებაა. თუმცა გზად თუ რამე წინ დახვდა არავინ გაიხედავს გვერდზე და აქაურ ეტაპებზე გამარჯვებას სიამოვნებით მიითვლის რჩეულ ვიქტორიათა ნუსხაში.
რა უნდა მომხდარიყო აქ ისეთი რაც აქამდე არ გვინახავს? ამ ათას თავგადასავალ გადატანილ რბოლებზე კიდე შეიძება რამეს გავეკვირვებინეთ? კი! მაგალითად ორივე პელოტონში ქართველის გამოჩენა ფრიად საკვირველი იქნებოდა. მხოლოდ გამოჩენა, სხვაზე საუბარიც კი ღიმილის მომგვრელია. თუმცა ეს, სამწუხაროდ, ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება და ამჟამად ნამდვილად ძნელად წარმოსადგენი ოცნებაა!
ერთ დროს უთუოდ იგივეს დაწერდა უმოტორო ორბორბლიანებით რბოლის მოტრფიალე ყველა კოლუმბიელიც. ერთ დროს კი დაწერდა, მაგრამ ბოლო წლებია კოლუმბიელთა არა მხოლოდ გამოჩენაზე ვსაუბრობთ ხოლმე!
საგაზაფხულო ერთკვირიანებზე ისინი არა მხოლოდ გამოჩნდნენ, უკვე გამარჯვებები მიითვალეს და თან როგორი გამარჯვებები. ჯერ იყო და 2014 წელს, ეხლა მუვისტარის თანავარსკვლავედში ჩაკარგულ–გაბნეულმა, იმ ჟამად კი აჟედუარის რიგებში მოასპარეზე ამომავალმა ვარსკვლავმა, კარლოს ალბერტო ბეტანკურ გომესმა, პირველად კოლუმბიური ველოსპორტის ისტორიაში, პარიზი ნიცას გენერალური კლასიფიკაცია მოიგო და თან ორი ეტაპიც მიიყოლა.
შემდეგ წელს კი, ასევე პირველად კოლუმბიური ველოსპორტის ისტორიაში, ამჟამადაც და იმ ხანადაც მუვისტარის თანავარსკვლავედის ერთ ერთმა მთავარმა მანათობელმა, ნაირო ალექსანდრ კინტანა როჰასმა, უკვე ტირენო ადრიატიკოს გენერალი მიითვალა. მაშინ ნაირომ ორ ზღვას შუა რბოლა უსერიოზულეს კონკურენტებთან ლეგენდარულ თოვლიან ეტაპზე ბრწყინვალე გამარჯვებით უზრუნველყო.
შარშანდელ ორივე რბოლაზე კი სხვები სოლირებდნენ, თუმცა სერხიო ენაომ მოსინჯა ძალები ფრანგულ რბოლაში და გუნდური ტაქტიკის მიხედვით საკმაოდ მაღალი, მეექვსე ადგილი მიითვალა, პირველობა ხო მის თანაგუნდელ გერან ტომასს ხვდა წილად. როგორც აღმოჩნდა შარშანდელ გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია.
დადგა 2017 წელი და ბებერ ველოევროპაში კოლუმბიურად გაზაფხულდა!
5 და 8 მარტს, შესაბამისად ჯერ პარიზი–ნიცამ, შემდეგ კი ტირენო–ადრიატიკომ აიღეს სტარტი.
მზისკენ გზის რბოლის სასტარტო განაცხადს თუ გადავხედავდით და ამასთანავე ეტაპების არა დეტალურ ანალიზს დაუთმობდით ოდნავ მაინც დროს, იმთავითვე რბოლის მთავარ ფავორიტად ლეგენდარული ელ პისტოლერო (ალბერტო კონტადორი, ესპანეთი) მოგვეჩვენებოდა. თუმცა ალბერტოს მთავარი სამიზნე წელს ფრანგული გრანდ ტურია და ჯერ მისგან მთებში ფრენას არავინ ელოდება. არადა მისი რანგის მრბოლელი ამ პელოტონში სხვა არ მოიძებნებოდა და ის რო მაინც ეცდებოდა რანგის შესაბამის მოქმედებას ცხადზე უცხადესი იყო. უნდა ითქვას, რომ მსგავს ვითარებაში ნებისმიერ წვრილმანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ასეთი წვრილმანი პირველივე ეტაპზე გაიპარა. იმ დღეს რბოლის მარშრუტი პარიზის მიდამოებში გადიოდა. მცირე მანძილს და ლმობიერი პროფილს უამინდობა დაემატა, მიუხედავად ამისა რბოლა ჩვეულ რიტმში დაიწყო. წარმოიქმნა დაწინაურებულთა ჯგუფი, რომელმაც 50–ე კილომეტრისთვის თითქმის 6 წუთიან უპირატესობას მიაღწია, ბუნებრივია ამას სპრინტერული კოლექტივები არ შეურიგდებოდნენ და ფრანცეზ დე ჟომ და კუიკ სტეპმა გამოდევნების ტემპს უმატეს.
გვერდითმა ქარმა ჯგუფი გახლიჩა და ეშელონი წარმოიშვა, როგორც რბოლის დასრულებისას გახდა ნათელი სწორედ ამ მომენტში გაეპარა ადრე ხსენებული წვრილმანი კონტას, კერძოდ თვითონ ჩამორჩენილ ნაწილში დარჩა, მომავალი ჩემპიონი კი გამოდევნებულთა სწრაფ მატარებელში იყო მოკალათებული. გამოდევნებულებმა თავისას მიაღწიეს და ფრანცეზ დე ჟომ არნო დემარის გარჯით ეტაპი მიითვალა, აი კონტადორმა კი მომავალ გამარჯვებულთან თითქმის ერთი წუთი დათმო. მე არ შეუდგები რბოლის ეტაპების მიმოხილვას. ვიტყვი იმას რომ მიუხედავად იმისა, რომ ალბერტო ბევრს ეცადა, შეიძლება ითქვას ამ დროისათვის მისი მაქსიმუმი გაიღო, მაგრამ გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერს მაინც ვერ გადაასწრო და მეორე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებული კი რვა ეტაპის ჯამში, გაიხსენეთ, სწორედ იმ სწრაფმავალ მატარებელში დროზე შემხტარი, საჭირო დროს რომ არ ჩაეძინა, კოლუმბიელი სერხიო ლუის ჰენაო მონტოია შეიქმნა. მან გუნდის დახმარებით ბრწყინვალედ დაიცვა თავი და ლეგენდარულ ელ პისტოლეროს მხოლოდ ორად ორი წამი მოუტანა.
გაცილებით უფრო სერიოზული შემადგენლობა შეიკრიბა იტალიაში. იქაურ პელოტონში ჯერ მხოლოდ კლასიკოსთა თანავარსკვლავედის გადახედვა რად ღირდა, მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონთა ხსენება სავსებით საკმარისი იყო წლევანდელ ორ ზღვას შუა რბოლის ხიბლის დასანახად.
აქვე დავძენ, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვერაფერი ხეირი ნახა, აი მსოფლიო ჩემპიონმა კი ორი განსხვავებული ეტაპი შემატა მის ისედაც უმდიდრეს კოლექციას.
წლევანდელ ტირენო–ადრიატიკოზე გენერალური კლასიფიკაციის ბედი მეოთხე სამთო ეტაპზე რო უნდა გადაწყვეტილიყო ეს გასაგებია, თუ ვინმეს ისევ წვრილმანი არ გაეპარებოდა. მიუხედავათ იმისა რომ სტარტზე გუნდური დროზე რბოლა იყო, რომელიც ამ ჟანრის უდავო ლიდერმა ბიემსიმ (BMC) მოიგო, ეტაპის მანძილი მოკლე იყო და ფავორიტთა გუნდებს დიდი დრო არ დაუკარგავთ. თუ შედეგებს გადავხედავდით, გამადიდებელი შუშის გარეშეც შევამჩნევდით, რომ ბიემსიმ ეტაპი კი მოიგო მაგრამ გენერალური კლასიფიკაციისათვის მებრძოლთა შორის ლიდერი სულ სხვა გუნდიდან არის.
აუცილებლად უნდა ავღნიშნო, მსოფლიო პელოტონის ერთერთი გამორჩეული ვარსკვლავის, ყველაზე დიდი კოლუბიელის, ნაირო კინტანას სარბოლო სიბრძნე, თუმცა სამართლიანობისათვის აუცილებლად დავუმატებ მისი უნიკალური გუნდის მუვისტარის განსაკუთრებულობასაც, რასაც მრავალი გრანდი მოკლებულია. პირველ რიგში ზემოთ ხსენებული ალბერტო კონტადორი. ნაირო თუ ბრძენია მას დიდი ჯარიც უმაგრებს ზურგს და ეს დიდ რბოლებში აუცილებლად იჩენს თავს მომავალშიც. ეხლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კინტანამაც და გუნდმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და კოლუმბიელმა უკვე მეორედ მოიგო ამ რბოლის გენერალური კლასიფიკაცია.
ასე იყო თუ ისე, შედეგად მივიღეთ ბებერ ევროპაში კოლუმბიური გაზაფხული! პირველად ისტორიაში ერთ წელს ორივე რბოლის გენერალური კლასიფიკაცია კოლუმბიელმა მოიგო!
სულ რამოდენიმე წლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა?! გგონიათ რამის თქმა მინდა? არა რას ამბობთ, ჩვენ რამოდენიმე წელი არ გვეყოფა, რამოდენიმე ათეულიც საეჭვოა… პირველი მე გამიხარდება თუ ვცდები!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.