Header

110–ე საგაზაფხულო მონუმენტი იტალიაში

პირველი სამოყვარულო რბოლა მილანიდან სანრემომდე შორეულ 1906 წელს ორ ეტაპად გაიმართა. მოგვიანებით ჟურნალისტმა ტულლო მორგანიმ გაძეტა დელო სპორტის დირექტორ ეუგენიო კოსტამანის შესთავაზა იმავე რბოლის ერთ დღეში ჩატარების მოსაზრება და უკვე 1907 წლის 14 აპრილს გაიმართა მილანი სანრემოს (Milano-Sanremo) პირველი ოფიციალური ვერსია. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ტულლო მორგანის ასევე ეკუთვნის სხვა ორი იტალიური ლეგენდარული ველორბოლის გამართვის იდეა, 1905 წელს ერთდღიანი ლომბარდიის (Giro di Lombardia) და 1909 წელს მრავალდღიანი სრულიად იტალიის (Giro d’Italia). ტულლოს სამივე წამოწყება ლეგენდარული გახდა, დღეს ორივე ერთდღიანი შედის მონუმეტთა ხუთეულში, მრავალდღიანი კი გრანდ ტურთა სამეულში!

წლევანდელი იტალიური საგაზაფხულო მონუმენტი (La Classicissima di Primavera) 291 კილომტრიან მარშრუტზე გაიმართა და იგი ყველაზე გრძელი რბოლაა თანამედროვე მსოფლიო ველოსპორტში. კარგმა ამინდმა ხელი შეუწყო რბოლის გადამწყვეტ მონაკვეთამდე სწრაფ, მაგრამ მშვიდ რიტმში მისვლას და პელოტონი ლეგენდარულ ჩიპრესსას აღმართს გაერთიანებული შეუყვა.

დღის დაწინაურებულთაგან ბოლოს ფაუსტო მასნადა დანებდა, ეს ჩიპრესეს საწყის მონაკვეთში მოხდა სადაც რბოლის ფავორიტების უმაღლესი მოტივაცია აშკარად გამოიკვეთა, აქედან უკვე ყველა მათგანი პელოტონის წინა ნაწილში შეინიშნებოდა. გამოკვეთილი სპრინტერები გრონევეგენი და ბუჰანი უკან იხევენ, დღეს რბოლის ტემპი მათთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით იგივე ბედი ელია ვივიანიმაც იწვნია.

დაღმართზე ნიკოლო ბონიფაციომ მოსინჯა, ლამის მოტოციკლს შეეჯახა, 15 წამიან უპირატესობასაც კი მიღწია, თუმცა პოჯიოს ძირთან პელოტონი მაინც ერთად მივიდა.

 

Milano Sanremo 2019 – 110th Edition – Milano – Sanremo 291 km – 23/03/201 – Julian Alaphilippe (FRA – Deceuninck – Quick Step) – Peter Sagan (SVK – Bora – Hansgrohe)photo Luca Bettini/BettiniPhoto©2018

 

პოჯიოს ზედა მონაკვეთში კუიკების გამორჩეული მუშაობა ჯულიან ალაფილიპმა დააგვირგვინა და გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. მისმა მოძრაობამ სხვა ფავორიტთა აქტივობა გამოიწვია. დაღმართზე შვიდკაციანი ჯგუფი დაწინაურდა, რომელიც საფინიშო გავაკებამდე ოდნავ გაიზარდა და ბოლო კილომეტრზე ფავორიტთა მცირე ჯგუფის სპრინტი გარდაუვალი გახდა. სპრინტი შედგა!!!

 

Milano Sanremo 2019 – 110th Edition – Milano – Sanremo 291 km – 23/03/201 – Julian Alaphilippe (FRA – Deceuninck – Quick Step) – photo Luca Bettini/BettiniPhoto©2018

 

ჯულიან ალაფილიპი დიკიონიგ კვიკსტეპიდან დღეს ყველაზე ძლიერი იყო და დამაჯერებლად იმარჯვა!

ჯულიანმა წლევანდელ გაზაფხულზე იტალია დაიპყრო – სტრადე ბიანკეზეც და მილანი სანრემოზეც გამარჯვებულის საპატივცემულოდ მარსელიეზა ჟღერდა!

 

Milano Sanremo 2019 – 110th Edition – Milano – Sanremo 291 km – 23/03/201 – Oliver Naesen (BEL – AG2R La Mondiale) – Julian Alaphilippe (FRA – Deceuninck – Quick Step) – Michal Kwiatkowski (POL – Team Sky) – photo Luca Bettini/BettiniPhoto©2018

 

წლევანდელი კლასიჩისიმა მოკლე დროში ჩაეტია და სულ რაღაც 6 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ათეულში ალესანდრო ვალვერდეს და ვინჩენცო ნიბალის არსებობა აშკარად დადებით მოლოდინებს იწვევს. გაზაფხულის დასაწყისში შეიმჩნევა სამგზის მსოფლიო ჩემპიონის პიტერ საგანის ნერვიული მდგომარეობა, ვფიქრობ ერთი გამარჯვება გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. უარესად გამოიყურება გრეგ ვან ავერმაერტი, თუმცა რა გამოიყურება, გრეგი მისი დონის მრბოლელის ფონზე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მონუმენტი იყო და მომავალ თვეში ტრადიციულ ჩრდილოეთის კლასიკებისათვის სხვა პერსონებს უნდა ველოდოთ ფინიშის ხაზთან ზეაღმართული ხელებით!!!

 

 

 

Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net

Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net

 

განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.

Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.

 

 

 

 

 

დატოვეთ მოსაზრება

*

Footer