მეასე საიუბილეო დე რონდე
კვირას ხუთი მონუმენტური კლასიკურიდან მეორე, ფლანდრიის ტურის (Ronde van Vlaanderen, De Ronde – ტური) მეასე საიუბილეო რბოლა გაიმართა. პირველი დე რონდე ბელგიის ფლამანდიას რეგიონში 1913 წელს შედგა. წლევანდელი ტურის მარშრუტმა 255 კილომეტრი შეადგინა, რომლის განმავლობაშიც მრბოლელებს 19–გზის მოუწიათ აღმართის (ჰელინგენების hellingen) დაძლევა, მათ შორის 10 ქვაფენილით. ტრადიციულად რბოლამ სამგზის აიარა კვარემონტი (Oude Kwaremont) და ორგზის ფინალური პატერბერგი (Paterberg). დამატებით სიძნელეს დისტანციაზე არსებული 7 ვაკე ქვაფენილიანი მონაკვეთი (kasseien) ქმნიდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას საფინალო აღმართს, პატერბერგს (Paterberg) მივაქცევ, რომელიც დისტანციის 242–ე კილომეტრზე, ფინიშამდე 13 კილომეტრით ადრე მდებარეობს და როგორც წესი გადამწყვეტი შეტევისთვის მოინიშნება ხოლმე ფავორიტთა შორის.
ასე მოხდა წელსაც, თუმცა ცოტა შორიდან დავიწყოთ. რბოლა გადამწყვეტ მონაკვეთზე არ იყო მისული და დაცემის გამო ორი ფავორიტი, ფრანგი არნო დემარი და ბელგიელი გრეგ ვან ავერმაეტი უკვე გამოეთიშნენ ბრძოლას. დაძაბულობამ პიკს ფინიშამდე 32 კილომეტრით ადრე მიაღწია როცა ბრიტანული სკაის პოლონელმა შარშანდელმა მსოფლიო ჩემპიონმა კვიატკოვსკიმ შეუტია და მას მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა უპასუხა. სიტუაციას უმალვე აუღო ალღო ბელგიელმა სეპ ვანმარკემ და სამეულმა კვარემონტამდე ერთობა შეინარჩუნა.
თუმცა კვიატო აღმართზე ჩამორჩა და გადამწყვეტ პატერბერგს პირველებმა პიტერმა და სეპმა აუყვნენ, იქვე წამოიწყო გადამწყვეტი შეტევა ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარამ, რომლისთვისაც ეს ბოლო დე რონდე გახლდათ და ისტორიულ მეოთხე გამარჯვებისათვის იბრძოდა.
თუმცა პიტერი დაცდას არ აპირებდა, მან პატერბერგის 20% მონაკვეთზე მკვეთრად მოუმატა, რასაც ვანმარკემ ვერ უპასუხა და საფინიშო დაშვება 10 წამიანი უპირატესობით პიტერმა დაიწყო. ფაბიანი სეპს წამოეწია, მაგრამ მათი ერთობლივი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
პიტერს მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი ცისარტყელიანი მაისურის დაწყევლილობის შესახებ მითი გაექარწყლებინა და ტრიუმფალურად მოიგო კარიერაში პირველი მონუმენტი, საიუბილეო მეასე ფლანდრიის პოდიუმის უმაღლესი საფეხური ცისარტყელიან მაისურში დაიკავა!!!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.