არაბული ველო მისწრაფებანი
იციან რა საგზატკეცილო ველოსპორტის უდიდესი პოპულარობა ევროპაში, მდიდარი არაბული სახელმწიფოები, რახანია ძალისხმევას არ იშურებენ საშეჯიბრო კალენდარში თავიანთ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რბოლების ორგანიზებისათვის. ამისათვის მათ მსოფლიო ტურის განრიგში ზამთრის ავსტრალიურ და საგაზაფხულო ევროპულ რბოლებს შორის წარმოქმნილი თავისუფალი დროის დიდი მონაკვეთი ამოიღეს მიზანში და რამდენიმე მრავალ დღიან ტურს ჩაუყარეს საფუძველი.
წელს 31 იანვარიდან 4 თებერვლის ჩათვლით ჯერ დუბაის ტური გაიმართა (არაბთა გაერთიანებული საემიროები), შემდეგ 14–19 თებერვალს ომანის ტური (ომანის სასულთნო) და ბოლოს 23–26 თებერვალს აბუ დაბის ტური (არაბთა გაერთიანებული საემიროები). უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ პირველი ორი აზიური ტურის ფარგლებში იმართება, აბუ დაბის ტურს წელს პირველად მსოფლიო ტურის რანგში გაიმართა, რაც დიდად პრესტიჟულია და უთუოდ შეუწყობს ხელს არაბულ სახელმწიფოთაგან ველოსპორტში ინვესტირების ზრდას. მსოფლიო პელოტონში მათ მიერ დაფინანსებული ველო გუნდები და ამ გუნდების შემადგენლობათა მიმოხილვაც ცხადყოფს თუ რა შორს მიმართული გეგმები დევს მათ ამ მისწრაფებებში.
რბოლის სტატუსიდან გამომდინარე (მსოფლიო ტური) ყურადღება აბუ დაბის ტურზე შევაჩეროთ. რბოლაზე მსოფლიო პელოტონის მთელი თანავარსკვლავედი შეიკრიბა, რისთვისაც ორგანიზატორები ყოველ წლიურად ძალისხმევას არ იშურებენ. ოთხი ეტაპიდან სამი სპრინტერული, მათ შორის დასკვნითი ეტაპი აბუ დაბის ფორმულა ერთის ტრასაზე – იას მარინას სარბოლო წრეზე, გაიმართა.
გენერალურ კლასიფიკაციაში გადამწყვეტი, მესამე სამთო ეტაპი კი ჯებელ ჰაფიტზე საფინიშო ასვლით დაგვირგვინდა. ჯებელ ჰაფიტის სამთო გზატკეცილი 1980 წელს გერმანული კომპანიის მიერ არის აგებული და ანალოგებს შორის ერთერთ საუკეთესოთ ითვლება. მისი სიგრძე 11,7 კილომეტრს შეადგენს, 21 მოსახვევიდან შემდგარი სერპანტინი 1219 მეტრ სიმაღლეთა სხვაობას გვაძლევს, საშუალო გრადიენტი 8%–ს შეადგენს, რაც მიუხედავათ მთამსვლელთა მეგა ვარსკვლავური შემადგენლობისა სეზონის ამ მონაკვეთზე საკმაოდ რთულ ასვლად შეიძლება მივიჩნიოთ. ასეთი ასვლა მრბოლელისაგან სერიოზულ ფორმას მოითხოვს, რომელიც გრანდ ტურების მომავალი ფავორიტებისათვის, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი აბუ დაბიში, წელიწადის ამ დროისათვის ძალიან ადრეა.
რომელი ერთი დავასახელოთ, გრანდ ტურების მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიო პელოტონის სამი მეგა ვარსკვლავი საკმარისი იქნება.
ესენია ესპანელი ალბერტო კონტადორი (ელ პისტოლერო) ტრეკ ზეგაფრედოდან
იტალიელი ვინჩენცო ნიბალი (ლო სკუალო) ბაჰრეინ მერიდადან
და კოლუმბიელი ნაირო კინტანა მოვისტარიდან
რბოლაში ასევე იყო იტალიელი ფაბიო არუ ასტანიდან, სათანადო პატივი მივაგოთ გრანდ ტურის გამარჯვებულს, თუმცა ფაბიო რაღაცის გაკეთებას მაინც შეეცადა და ეტყობა ტური მისთვის სარბოლო კილომეტრაჟის დასაგროვებლად არ განიხილებოდა.
იმთავითვე აშკარა იყო, რომ აბუ დაბიში წინა პლანზე სპრინტერთა არანაკლები თანავარსკვლავედი გაიბრწყინებდა. მთაში და გენერალურ კლასიფიკაციაში კი იმას უნდა ემარჯვა, ვინც ამ დროისათვის სპეციალურად იყო მომზადებული.
აკი ვთქვი, რომ სპრინტი სულ სამი დაიგეგმა, მათზე გამარჯვების მეგა ფავორიტი კი ოთხი აღმოჩნდა. ბრიტანელი მარკ კავენდიში, გერმანელები მარსელ კიტელი და ანდრე გრაიპელი და ახალგაზრდა ავსტრალიელი ქალებ იუინი.
მათ შორის ყველაზე სტაბილური ლეგენდარული ბრიტანელი აღმოჩნდა. მარკმა პირველი სპრინტი მოიგო, მეორე და მესამეზე სამეულში შევიდა, შესაბამისად მესამე და მეორე იყო, რამაც მას ქულების კლასიფიკაციაში პირველობაც მოუტანა.
მეორე სპრინტი საკმაოდ კურიოზულად მარსელ კიტელს ხვდა წილად. გამოუცდელ ავსტრალიელს ის უკვე მოგებული ეგონა და ხაზის გადაკვეთამდე მოინდომა ზეიმის დაწყება რაც გამოცდილმა გერმანელმა არ აპატია და გამარჯვება ცხვირ წინ ააცალა.
მესამე სპრინტი განსაკუთრებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ის ულამაზეს ფორმულა 1–ის ტრასაზე წრეებზე გათამაშდა, ამინდიც უჩვეულო გამოდგა. აბუ დაბიში იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა. ამჯერად ქალებმა სპრინტი აღარავის დაუთმო და ვარსკვლავების გარემოცვაში ნანატრ გამარჯვებასაც მიაღწია.
რაც შეეხება ანდრე გრაიპელს (გორილა), ის მართალია ორ სპრინტში კი მოხვდა სამეულში, თუმცა ასეთი დონის სპრინტერისათვის ეს ვერაფერი შვილი ნუგეში შეიძლება იყოს.
წინა დღეს კი ხსენებულ ჯებელ ჰაფიტის აღმართზე გაიმართა დიდი ბატალია აბუ დაბის ტურის სამთო ეტაპისა და გენერალური კლასიფიკაციისათვის. ასვლისას შესამჩნევი იყო ნაიროს და ალბერტოს ურთიერთ ჩხვლეტები, თუმცა აშკარა იყო რო ისინი წინა პოზიციებისათვის ჯერ მზად არ არიან. ვინჩენცო არც ამ ჩხვლეტებში ჩაერთო. ფაბიო კი გაიწია, მაგრამ არც ის იყო იმ დღეს აღმართზე წამყვანი ძალა.
ასვლისას გამოიკვეთა ორი ლიდერი, პორტუგალიელი 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონი რუი ალბერტო ფარია და კოშტა გაერთიანებული საემიროების გუნდიდან და ილნურ ზაკარინი კატიუშა ალპეცინიდან.
როგორც ჩანს პორტუგალიელი სპეციალურად ემზადებოდა ამ დღისათვის და საემიროების გუნდს ლამაზი საშინაო გამარჯვება მოუტანა. მეორე ილნური იყო, მესამე ადგილისთვის დიდათ გაისარჯა ტომ დუმულენი და დაუფასდა კიდეც.
აბუ დაბის ტურმა ბრწყინვალეთ დააგვირგვინა სეზონის არაბული მონაკვეთი, რაც მომავალში მსოფლიოს ამ ნაწილში ველოსპორტის მნიშვნელოვანი განვითარების დიდ პერსპექტივებს სახავს.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.