სამეფო კოლუმბიური დოლომიტებში
სულ რამოდენიმე საათია რაც ველოისტორიის კუთვნილება გახდა 2016 წლის ჯირო დ’იტალიას მეთოთხმეტე, სამეფო ეტაპი და პირველი სკრიპკები ამ საუცხოო „კონცერტში“ კოლუმბიელებმა შეასრულეს.
სამთო მარათონის პირველი მონაკვეთი საუკეთესო მთამსვლელის ნომინაციისათვის პოზიციების გამაგრებისათვის ბრძოლით და დაწინაურებულთა ჯგუფის ფორმირებით აღინიშნა. ამ დროს ესპანური მუვისტარი აკონტროლებდა ვითარებას და მათი პოზიციები ერთობ მყარათ გამოიყურებოდნენ. იმავე დროს თავის თამაშს აგრძელებდნენ დაწინაურებულთა ჯგუფის ის მრბოლელები რომელთა მიზანი ეტაპის აღება იყო და არა სხვადასხვა ნომინაციებისათვის ქულების შევსება.
სიტუაცია ეტაპის მეორე ნახევარში შეიცვალა, როგორც ჩანს ყაზახური ასტანის მესვეურებს, რომელთა დიდი დელეგაცია საფინიშო დერეფანში იმყოფებოდა სტუმრათ, ეტაპის დაწყებამდე ქონდათ დაგეგმილი და ჯაუს უღელტეხილის თავშივე რბოლის კონტროლი აიღეს. მათი ტემპი გაუსაძლისი გახდა ვარდისფეროსან ანდრეი ამადორისათვის და დამქანცველი ასევე მუვისტარელ ალეხანდრო ვალვერდესათვის, ამადორი ჩამორჩა კიდეც მაგრამ ჯაუდან დაშვებაზე ისევ წამოეწია კაპიტანთა ჯგუფს.
ამასობაში დაწინაურებულთა ჯგუფში, რომელთა შორის ბელორუსი კონსტანტინე სივცოვიც იყო, საბოლოო უპირატესობა კოლუმბიელმა დარვინ ატაპუმამ მოიპოვა და მისი პოზიციები სულ უფრო და უფრო მყარდებოდა სანამ კაპიტანთა ჯგუფში არ დაიწყო გადამწყვეტი მოქმედებები.
ვალპაროლას უღელტეხილზე კაპიტნებს გამოჩენილი იტალიელი მიკელე სკარპონი შეუძღვა. აშკარად ჩანდა რომ ასტანა გადამწყვეტ შეტევას ამზადებდა. ასეც მოხდა, ვალპაროლაზე ლო სკუალომ შეუტია, ვინჩენცოს მკვეთრ მოძრაობას გასაკვირად მშვიდად გამოეხმაურნენ ჰოლანდიელი სტივენ კროისვეიკი და კოლუმბიელი ხუან ესტებან ჩავესი. იგრძვნეს რა რომ მუვისტარის კაპიტანი კრიზისშია, შემტევებმა ტემპს უმატეს. დაწინაურებულ კაპიტნებს რუსი ილნურ ზაკარინი, პოლონელი რაფალ მაიკა და კიდე ერთი კოლუმბიელი რიგობერტო ურანი მიუახლოვდნენ. ალეხანდრო ვალვერდე კი თავის ტემპზე გადავიდა და დროის დაკარგვა დაიწყო.
ახალ ფორმირებას დიდი დრო არ ეწერა, ის ჯერ კიდე არ იყო დასტაბილებული როცა სტივენ კროისვეიკმა შეუტია. მის ტემპი მხოლოდ ხუან ესტებან ჩავესისათვის აღმოჩნდა მისაწვდომი. ვინჩენცომ უპასუხა, მაგრამ შედეგათ მხოლოდ დანარჩენი კაპიტნები ჩამოიცილა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვინჩენცო ვერც დაშვებისას მიუახლოვდა გაქცეულებს. პირიქით სტივენმა და ხუანმა ერთად მუშაობა დაიწყეს და ფინიშთან გაუთანაბრდნენ რბოლის ლიდერ დარვინ ატაპუმას. საფინიშო ხაზთან ყველაზე მარდი კოლუმბიელი ხუან ესტებან ჩავესი გამოდგა. მან კარიერაში პირველი ჯიროს ეტაპი მოიგო, თან როგორი ეტაპი!
კაპიტანთა კლასიფიკაციამ დიდი ცვლილებები განიცადა. ვარდისფერში სტივენ კროისვეიკი შეიმოსა, ალეხანდრო პოდიუმს წუთნახევრით დაშორდა. ასეთი კრიზისის შემდეგ მუვისტარს ალბათ დიდათ გაუჭირდება პოზიციების აღდგენა.
ხვალ ინდივიდუალური რბოლაა ათკილომეტრიან აღმართზე, რომლის შემდეგაც დასვენების დღეა და რომლის მსვლელობამ ბევრ სხვა კითხვასაც უნდა გასცეს პასუხი.
ადგილი | სახელი და გვარი | ქვეყანა | გუნდი | ჩამორჩენა |
---|---|---|---|---|
1 | სტივენ კროისვეიკი | ჰოლანდია | ლოტო ჯუმბო (ჰოლანდია) | 00'00"00 (60:12:43) |
2 | ვინჩენცო ნიბალი | იტალია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 0'41" |
3 | ხუან ესტებან ჩავეს რუბიო | კოლუმბია | ორიკა გრინ ეიჯი (ავსტრალია) | 1'32" |
4 | ალეხანდრო ვალვერდე ბელმონტე | ესპანეთი | მუვისტარი (ესპანეთი) | 3'06" |
5 | ანდრია ამადორ ბიკკაზაკოვა | კოსტა–რიკა | მუვისტარი (ესპანეთი) | 3'15" |
6 | რაფალ მაიკა | პოლონეთი | ტინკოფფი (რუსეთი) | 3'29" |
7 | ილნურ ზაკარინი | რუსეთი | კატიუშა (რუსეთი) | 3'53" |
8 | რიგობერტო ურან ურან | კოლუმბია | კონანდეილი (აშშ) | 5'01" |
9 | კონსტანტინე სივცივი | ბელარუსი | დაიმენშენ დატა (სამხრეთ აფრიკა) | 5'38" |
10 | იაკობ ფულსანგი | დანია | ასტანა პრო (ყაზახეთი) | 5'38" |
11 | დომენიკო პოცცოვივო | იტალია | აჟედუარ ლა მუნდიალე (საფრანგეთი) | 6'00" |
12 | ბობ იუნგელსი | ლუქსემბურგი | ეტიქს კუიკ–სტეპი (ბელგია) | 6'10" |
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.