მონუმენტობისთვის შობილი ეროიკა
გარდასულ დროთა ველოსპორტზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელმა ჯანკარლო ბროჩჩიმ, როცა 1997 წელს წარსულს ჩაბარებული ველოეპოქის ფასეულობების ასაღორძინებლად, წამოიწყო ველოენთუზიასტთა რბოლები და სახელად ეროიკა დაანათლა, არავინ იფიქრებდა, რომ ეს შეკრებები, იტალიური ტრადიციით „გრან–ფონდოები“, სულ მოკლე დროში შეაღებდა მსოფლიო ტურის ფრიად ძნელად დასაძრავ ჭიშკარს.
ენთუზიასტებმა თავიდანვე მიზანში ამოიღეს ტოსკანაში, სიენას მიდამოებში შემორჩენილი მიწური გზები და სწორედ იმ თეთრ აღმართ–დაღმართებზე გაიყვანეს რბოლის მარშრუტი, რადგან მხოლოდ იქ, იმ თეთრ მიწურებზე შეიძლება იგრძნოს გამვლელმა ცხრაასიანი წლების ჯინო ბარტალისა და ფაუსტო კოპპის ეპოქის ველორბოლების სული.
საკუთრივ ეროიკას და ზოგადად გრანდ-ფონდოების თემას სხვა დროს საფუძვლიანად მივუბრუნდები, ეხლა კი მისი თანამედროვე პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში მოქცევის მოკლე ისტორიის ესკიზის შექმნას ვცდი ქართულად.
პირველი ეროიკები სექტემბერ–ოქტომბრის გასაყარზე იმართებოდა, ტოსკანაში ეს რთველის დროა, რამაც დიდად შეუწყო ხელი რბოლის ირგვლივ საზეიმო ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. ამას დაემატა მარშრუტის სირთულე. ის აშკარად წარმოჩნდებოდა ჩრდილოეთში სახელგანთქმულ ქვაფენილებიანი კლასიკების იტალიურ ვარიანტად, რის გამოც სულ უფრო და უფრო იქცევდა პროფესიონალთა ყურადღებას და 2007 წლის 9 ოქტომბერს, ორი ათასამდე მოყვარულთან ერთად, სტარტი მათაც აიღეს! იმ ხანად რბოლას ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის ევროპის ტურის (UCI Europe Tour) პირველი კატეგორია მიენიჭა! ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ასპარეზობა შემოდგომაზე სადაგ დღეს შედგა.
აღსანიშნავია, რომ იმ ხანად რბოლის ტიტულიანი სპონსორობა მსოფლიოში უხუცესმა მოქმედმა ბანკმა – მონტე დეი პასკი დი სიენამ (Banca Monte dei Paschi di Siena S.p.A. (MPS)) იკისრა.
პროფესიონალთა პირველი პაექრობა მონტე პასკი ეროიკას სახელით 181 კილომეტრიან დისტანციაზე გაიმართა, რომელთაგან 60 თეთრი მიწური შარა გზები იყო. გამარჯვება რუსმა ალექსანდრე კოლობნევმა მოიპოვა, რითაც სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, როგორც თეთრი გზების პირველი მეფე!
მომდევნო წელს შეჯიბრება გაზაფხულზე გადმოიტანეს და გამარჯვებული ველოსპორტის მეგა ვარსკვლავი, ლეგენდარული შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა გახდა.
„სპარტაკის“ ფაქტორმა სტრადე ბიანკესადმი დამოკიდებულება უმაღლეს ნიშნულამდე აიყვანა, მან აქ სამგზის: 2008, 2012 და 2016 წლებში იმარჯვა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. შვეიცარიელის ღვაწლი სათანადოდ შეაფასეს მადლიერმა იტალიელებმა და 2017 წლის 3 მარტს მონტე სანტე მარიეს ურთულეს სექტორს ფაბიან კანჩელარას სახელი მიანიჭეს.
სტრადე ბიანკეს სტატუსის კიდე უფრო ამაღლებას იქ მრავალი ვარსკვლავის გაბრწყინებამაც შეუწყო ხელი, ორი მსოფლიო ჩემპიონის დასახელება რად ღირს: ორგზის დიდმა პოლონელმა მიხაილ კვიატკოვსკიმ იმარჯვა, ერთხელ ლეგენდარულმა ბელგიელმა ფილიპ ჟილბერმა.
იმავე წლებში, მონუმენტალობის შეგრძნება განამტკიცა თეთრი გზების მონაკვეთის ჯირო დ’იტალიას ეტაპაზე ჩასმამ. 2010 წლის 15 მაისს შედგა ჯიროს 93–ე ვერსიის 217 კილომეტრიანი მე–7 ეტაპი კარარასა და მოლტანჩინოს შორის. იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა და ბოლოს ორი ლეგენდა სოლირებდა: ავსტრალიელი კადელ ევანსი და ყაზახეთის წარმომადგენელი ალექსანდრე ვინოკუროვი.
ასე განვლო საკუთრივ რბოლაში და რბოლის გარშემო ფრიად სამახსოვრო მოვლენებით მდიდარმა ათმა წელმა.
2017 წლიდან სტრადე ბიანკე ახალი, უმაღლესი, მსოფლიო ტურის სტატუსით მოგვევლინა და არა მგონია რბოლას როდესმე სტატუსი დაუქვეითონ – ის ხომ მონუმენტობისთვის არის შობილი!
სტრადე ბიანკეს ასეთმა სტატუსმა მასზე გამარჯვება სანუკვარი გახადა მსოფლიო პელოტონის უგამორჩეულესი ვასრსკვლავებისათვის. წელს სწორედ ერთი მათგანის ოცნების ასრულების მხილველები გავხდით!
2019 წელს სიენას პიაცა დელ კამპოზე ტრიუმფალური შესვლა ფრანგმა ჟულიან ალაფილიპმა მოახერხა დიკიონიგ კვიკ–სტეპიტან!
გადამწყვეტი შეტევის სულისჩამდგმელი ასტანელი დანიელი იაკობ ფულსანი იყო. მას მხარი სწორედ ჟულიანმა აუბა, ასევე ბოლომდე იბრძოლა ვოუტ ვან არტმა. ვოუტმა ბოლო ძალები ვია სანტა კატერინას 16%–იან აღმართზე დატოვა, ძალებიც დატოვა და იქვე დარჩა, იაკობი კი ფინიშორი არასდროს ყოფილა. ჟულიანი ვია ბანკი დი სოტოზე უპირობო ფავორიტად შევიდა და გადაკვეთა კიდეც ტრიუმფალურად საფინიშო ხაზი პიაცა დელ კამპოზე!
ერთ მშვენიერ დღეს, მონტე სანატა მარიაზე, ფაბიან კანჩელარას სახელობის სექტორზე მეც მომიწია ყოფნა! არ შემეძლო ეს არ აღმენიშნა…
Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.