მეცამეტე ფრანგული ტრიუმფი 107–ე პრიმავერაზე
19 მარტს იტალიაში გაიმართა ლეგენდარული იტალიური მონუმენტური ერთდღიანი კლასიკა მილანი სან–რემო. წელს პრიმავერას 107–ე ვერსია ვიხილეთ და შორეული 1907 წლის პირველ რბოლაში გამარჯვებულ ლეგენდარულ ლუსიენ პეტიტ–ბრეტონის შემდეგ წლევანდელი ტრიუმფატორი არნო დემარი რიგით მეცამეტე ფრანგია ვინც ეს მოახერხა, აქვე დავძენ რომ მანამდე ბოლო ფრანგმა, ლორან ჟალაბერმა 1995–ში, 21 წლის წინ იმარჯვა.
კლასიჩისიმა ველოსპორტში უპრესტიჟულესთა რიცხვს მიეკუთვნება, ყოველწლიური 1910 წლიდან გახდა და საუკუნის მანძილზე ის მხოლოდ სამჯერ 1916, 1944 და 1945 წლებში არ ჩატარებულა. რბოლა ერთ ერთი უგრძესია ანალოგთა შორის, მისი დისტანცია ტრადიციულად 290 კილომეტრს აჭარბებს და ტრადიციულად იღებს რა სტარტს მილანში სან–რემოში სრულდება.
ტრადიციულად წელსაც მილანში სტარტზე მსოფლიო პელოტონის შესაბამისი სპეციალიზაციის მრბოლელთა ელიტა შეიკრიბა, გამოკვეთილი დანაკლისი შარშანდელი გამარჯვებული გერმანელი ჯონ დეგენკოლბი გახდა, მან ვერ შეძლო რბოლაში მონაწილეობის მიღება.
სარბოლო სტრატეგია მარტივად შეიძლება ასე განვსაზღვროთ, მრბოლელი უმცირესი დანაკარგებით უნდა მივიდეს 264–ე კილომეტრზე მდებარე ჩიპრესას აღმართზე, ის ლიდერთა ჯგუფში გადაიაროს და იყოს ყველაფრისთვის მზად პოჯიო დი სანრემოზე, სადაც საკუთარი სპეციალიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
წელს ძირითადი მოვლენები ფინიშამდე ბოლო 25 კილომეტრის ფარგლებში გაიმართა. ჩიპრესიაზე ჯოვანი ვისკონტიმ შეუტია რომელსაც იან სტენარდი აედევნა. წყვილმა თითქმის 6 კილომეტრიანი აღმართი პირველმა გადალახა და პოჯიო დი სანრემოსკენ დაეშვა, აღმართზე მათი უპირატესობა 10 წამს, დაღმართზე კი 20 წამს გასცდა, რაც რასაკვირველია გადამწყვეტი ვერ იქნებოდა. მდევრებმა დაწინაურებულებს კომფორტული უპირატესობის შექმნის საშუალება არ მისცეს. ვაკეზე გაქცეულებს ჯერ ოსი, მონტაგუტი და საბატინი წამოეწივნენ მოგვიანებით პოჯჯიოს მისადგომებთან კი პელოტონი გაერთიანდა.
პოჯიოზე ჯერ ფედიმ შემდეგ კვიატკოვსკიმ შეუტია, შარშანდელმა მსოფლიო ჩემპიონმა მცირე უპირატესობა მოიპოვა კიდეც და საფინიშო დაღმართზე პირველი დაეშვა. მას სამი დიდი ჩემპიონი, ვინჩენცო ნიბალი, ფაბიან კანჩელარა და პიტერ საგანი გამოედევნენ, კვიატოს შანსები მინიმუმამდე შემცირდა. შედეგმაც არ დააყოვნა და ფინალურ კილომეტრზე ყველა ძირითადი პრეტენდენტი ფინიშის ხაზისაკენ გაემართა.
გამარჯვების სპრინტის გახსნისას კოლუმბიელი გავერია უხერხული მოძრაობის შედეგათ წაიქცა რითაც გზა ორ უპირველეს ფავორიტ ფაბიან კანჩელარასა და პიტერ საგანს გადაუღობა და მათი გამარჯვება შეუძლებელი გახდა. გახსნილ სპრინტს კი უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა. დაძაბული ფინიში იმ დღეს ორჯერ დაცემულმა არნო დემარმა მოიგო და როგორც დასაწყისისას ავღნიშნეს ლეგენდარულ რბოლაში გამარჯვებული მეცამეტე ფრანგი გახდა რითაც თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა ფრანგული და მსოფლიო ველოსპორტის ისტორიაში.
არნოსთან ერთად პოდიუმზე ბრიტანელი ბენ სვიფტი და ბელგიელი იურგენ როლანდტსი ავიდნენ.
შეძლებისდაგვარად რბოლის გარემოსაც მივაქციოთ ჩვენი ყურადღება, განსაკუთრებულად სადაც გავივლით ვენახს!
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.