მარკ კავენდიშის მორიგი ასრულებული ოცნება
გუშინ საფრანგეთში სტარტი აიღო 103–ე ტურმა (Tour de France), რომლის სათვალავი 1903 წლიდან იწყება.
სამწუხაროდ სხვადასხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შევძელით იტალიური ტურის დასრულება და ფრანგულის წინასწარი ანალიზი რის გამოც ძალიან ვწუხვართ და გამოვთქვამთ იმედს რომ მსგავსი პრობლემები აღარ განმეორდება, ახლა კი მივყვეთ ველოსამყაროში უდაოდ უპირველესი მრავალდღიანი რბოლის პერიპეტიებს.
წლევანდელი რბოლა განსაკუთრებულად დაიწყო, რადგან პირველ ეტაპი დაიგეგმა როგორც სპრინტერული და შესაბამისად სპეციალისტებს მიეცათ შანსი ეტაპთან ერთად რბოლის გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერის ყვითელი მაისური შეემოსა, მართალია სულ ერთი დღით. რატომ? მეორე ეტაპის სპეციფიკა გამორიცხავდა სპრინტერისათვის დროის არ დაკარგვის შესაძლებლობას, თუმცა ყვითელში ერთი დღით შემოსვაც კი დიდათ ფასობს მრბოლელთა შორის.
ფავორიტად ყველა სპეციალისტი სახელდებოდა, რომელთა მთელი თანავარსკვლავედია წლევანდელი ტურის პელოტონში, თუმცა ერთ ერთი გამოკვეთილი მათ შორის ლეგენდარული ბრიტანელი მარკ კავენდიში იყო.
მარკის მიღწევების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს აქ მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს სამივე გრანდტურზე ჯამში 44 გამარჯვება ჰქონდა აქამდე, სამივე გრანდტურის ქულათა ნომინაციაც მონაგები აქვს, მაგრამ გუშინდლამდე ლიდერის მაისური მხოლოდ ჯიროზე და ვუელტაზე მოერგო. ეს მისთვის დამატებითი მოტივატორი გახლდათ. ფრანგული ტურის ლიდერის ყვითელი მაისური და ოლიმპიური ოქრო დაასახელა ტურამდე ინტერვიუში აუხდენელ ოცნებად.
რბოლა ნერვიული გამოდგა მაგრამ საფინიშო სპრინტი მაინც შედგა, ბოლო დროის უდიდესი გარჩევა მარკმა მოიგო და ოცნებაც აუსრულდა. აღსანიშნავია, რომ მარკმა ფინიშის დერეფანში უპრინციპულესი მეტოქეები, გერმანელები ანდრე გრაიპელი და მარსელ კიტელი დაამარცხა ტურზე 27–ე ეტაპი მიითვალა და ყვითელშიც შეიმოსა.
ურთულესი სტარტი გამოუვიდა გენერალური კლასიფიკაციის ერთ ერთ მთავარ ფავორიტს ლეგენდარულ ალბერტო კონტადორს, ელ პისტოლერო დაეცა და სერიოზული დაზიანებებით გადაკვეთა ფინიშის ხაზი. რო არა პელოტონში მიღებული გადაწყვეტილება ტემპი დაეგდოთ და ფავორიტისთვის დაწევის საშუალება მიეცათ ალბერტო დიდ დროს დაკარგავდა. დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კიდე უფრო გაართულა მისი მდგომარეობა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
Featured image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
Inside post thumbnail image: Yuzuru SUNADA/www.yuzurusunada.com
განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ფოტოგრაფ იუზურუ სუნადას ჩვენს პუბლიკაციებში მისი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Japanese photographer Yuzuru SUNADA for permission to use his works in our publications.