ლეგენდარული ველო ისტორია გრძელდება!
ოთხ თვეზე მეტი ხნით შეჩერებული ისტორია შაბათს, პირველ აგვისტოს, გაგრძელდა და რაოდენ სიმბოლურია, რომ ეს მონუმენტობისათვის შობილ სტრადე ბიანკიზე მოხდა!
ნანატრი რბოლა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაქსიმალურად შესაძლო დაცვით გაიმართა.
გუნდების შემადგენლობებზე უბრალო თვალის გადავლებაც კი უდიდეს ინტერესს იწვევდა. სტარტი მსოფლიო ტურის თანამედროვე პელოტონის თითქმის ყველა თაობის ვარსკვლავმა აიღო.
ამ დროს ტოსკანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს და რბოლა ურთულესი გამოდგა. დისტანციის ბოლო მეოთხედზე შედგა ისეთი შემადგენლობის დაწინაურებულთა ჯგუფი, რომ ცხადი გახდა გამარჯვებული სწორედ მათ შორის იქნებოდა
მოგვიანებით ლიდერთა ჯგუფი ოთხამდე შემცირდა, სანუკვარი ტიტულისათვის ბრძოლას მხოლოდ ვუტ ვან არტი, დავიდე ფორმოლო, მაქსიმილიან შახმანი და ალბერტო ბეტიოლი განაგრძობდნენ.
ციკლო კროსიდან, სადაც სამგზის მოიგო მსოფლიო პირველობა, გზატკეცილზე გადმოსულ, ლეგენდარულ ბიანკიზე ამხედრებულ 25 წლის ბელგიელს ჰოლანდიური ჯუმბო ვისმადან თეთრ გზებზე მწარე გამოცდილება მიღებული ქონდა. შარშან და მის წინ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, თან შარშან სიენას ვიწროში, ლეგენდარულ აღმართზე „გაუჩერდა ფეხი“. მოგეხსენებათ ასეთ დროს გამოცდილება სწორად გააზრების შემთხვევაში დიდი პლუსია.
ამჯერად ვუტმა გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა სიენას ქუჩებს და საფინიშო აღმართამდე გაცილებით ადრე შეუტია. ასეთ დროს ეს საბედისწერო შეიძლება გამოდგეს, რადგან თუ მოწინააღმდეგეებს ვერ ჩამოიშორებ ფინიშზე ფეხში აღარაფერი გექნება.
გამოდევნებულებს შორის ფარხმალი პირველმა ბეტიოლმა დაყარა, მაქსი და დავიდი ბოლომდე დაიხარჯნენ მაგრამ შაბათს ვან არტის მომგები პელოტონში არ იყო.
ვუტ ვან არტმა ოცნება აისრულა და შარშანდელი ნათქვამი მეორე წელსვე შეასრულა – მან თქვა რომ ოდესმე აქ აუცილებლად იქნებოდა პირველი!
მანდილოსანთა რბოლა წელს დაუმარცხებელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ჰოლანდიელმა ანემეიკ ვან ვლუტენმა მოიგო!
რბოლა ნამდვილად შედგა და მისი სპორტული შემადგენელი ისედაც არანაირ ეჭვს არ იწვევდა. როგორც ჩანს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც ყოველივე სათანადო დონეზე დასრულდა!
ისტორია გრძელდება!
Featured image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
Inside post thumbnail image: ROBERTO and LUCA BETTINI/www.bettiniphoto.net
განსაკუთრებული მადლობა იტალიელ ფოტოგრაფებს რობერტო და ლუკა ბეტინებს ჩვენს პუბლიკაციებში მათი წყლის ნიშნებიანი ნამუშევრების გამოყენების ნებართვისათვის.
Special thanks to the Italian photographers ROBERTO and LUCA BETTINI for permission to use their watermarked works in our publications.